სიახლეები

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

აპრილის თვე აუტიზმის მსოფლიო თვედაა აღიარებული და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ტარდება უამრავი ღონისძიება რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანების გაგებისა და მიმღებლობის შესაძლებლობების გაზრდას ეძღვნება. 

დღეს კაცობრიობა მზადაა შექმნას სამყარო, სადაც თავისი პოტენციალის გამოყენებას აუტიზმის მქონე ყველა ადამიანი შეძლებს. 

რა არის აუტიზმი?

როდესაც 1988 წელს მსოფლიო ეკრანებზე ბარი ლევინსონის ლეგენდარული „წვიმის კაცი“ გამოვიდა, აუტიზმის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონდა. დასტინ ჰოფმანმა აუტისტი ახალგაზრდა კაცის როლი გენიალურად შეასრულა. 

დღეისთვის კი ფართო საზოგადოებამ აუტიზმზე ძალიან ბევრი რამ იცის:

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი

  • აუტიზმი იშვიათი პათოლოგია არ არის, 1000-დან 6 ბავშვს აღენიშნება;
  • აუტიზმი 5-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში;
  • აუტიზმი დაახლოებით 15 თვის ასაკში ვლინდება;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში აუტიზმის გამოვლენის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

აუტიზმი ეს არის ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემა, რომელიც ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევითაა გამოწვეული.  

ეს პათოლოგია იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა – საუბარი, თამაში, საზოგადოებრივი ქცევა თუ სოციალური ინტერაქცია. ბავშვს უჭირს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც ესმის, ხედავს. შესაბამისად, უვითარდება წარმოსახვის პრობლემები, მკაცრად შეზღუდული ინტერესები და მოქმედებები აქვს.  ბუნებრივია, ეს ნიშნები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული სირთულით ვლინდება. 

აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ძირითადად 3 სახის პრობლემაა დამახასიათებელი:

მეტყველება – საუბრის გვიან დაწყება, სხვისი ნათქვამის არასწორად აღქმა.

საზოგადოებასთან ურთიერთობა – ბავშვებს უჭირთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან.

შეზღუდული ინტერესები – აუტისტებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ერთ საგანზე იყვნენ კონცენტრირებული, იმეორონ ერთი და იმავე მოძრაობა, უყურონ ერთსა და იმავე ფილმს, უსმინონ მუსიკას.

აღნიშნულ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ქცევის მართვის სირთულეები, გონებრივი ჩამორჩენილობა, მოტორული კოორდინაციისა და ყურადღების პრობლემა, ფიზიკური დარღვევები, მაგალითად – ძილის პრობლემა, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა – დეპრესია, შფოთვა. 

ზოგადად, კლინიკური სურათი აუტიზმის სიმძიმეზე, კოგნიტიურ უნარებზე და თანმხლებ დარღვევებზეა დამოკიდებული. ასაკის მატებასთან ან გარემოს ცვლილებასთან ერთად კი შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს.

აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ცვლილებები თავის ტვინის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე ვითარდება, ამიტომ შესაბამისი სიმპტომატიკა 3 წლამდე ასაკში უკვე გამოვლენილია. ადრეულ დიაგნოსტიკას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – მრავალი კვლევით არის დადასტურებული. 

ახალი კვლევებით ისიც დასტურდება, რომ აუტიზმის აღმოჩენა სამი თვის ასაკში, ანუ იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი ვიდრე დარღვევა მკაფიო გახდება. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მშობელთან ურთიერთობაც უჭირთ. 

აუტიზმის სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკური კატეგორიები

აუტიზმის გავრცელების მაჩვენებელმა უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად მოიმატა და  მეცნიერებმა 4 დიაგნოსტიკური კატეგორია გამოყვეს.

  1. ბავშვთა აუტიზმი

აუტიზმის განვითარების ისეთი ტიპი, როდესაც დარღვევა 3 წლის ასაკამდე ვლინდება და აღინიშნება სოციალური ურთიერთობების სიძნელეები, განმეორებადი ქცევები და ინტერესები. შესაძლოა აღინიშნოს არასპეციფიკური სიმპტომებიც – კვების დარღვევა, აგრესია თუ სხვადასხვა ფობიები.

  1. ატიპიური აუტიზმი

როგორც წესი, ბავშვთა აუტიზმისგან დაწყების ასაკით განსხვავდება და დარღვევები სამი წლის შემდეგ ვლინდება. გარდა ამისა, აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები არასაკმარისადაა გამომჟღავნებული. ატიპიური აუტიზმი ძირითადად ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანებში ვლინდება.

  1. ასპერგერის სინდრომი

ამ სინდრომს აუტიზმისთვის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობების პრობლემები ახასიათებს. გარდა ამისა, ვლინდება განმეორებადი და შეზღუდული ქცევები თუ ინტერესები. თუმცა, განსხვავებით აუტიზმისგან ასპერგერის სინდრომის დროს მეტყველების შეფერხება არ აღინიშნება. სინდრომი ძირითადად მოზარდებში გამოიხატება ხოლმე.

  1. განვითარების ზოგადი აშლილობა

განვითარების ზოგადი აშლილობის დროს კოგნიტიური პრობლემები გამოხატულია, თუმცა ბავშვთა აუტიზმის, ატიპიური აუტიზმის ან ასპერგერის სინდრომის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. 

რამდენად ხშირია აუტიზმი?

თუკი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ვიმსჯელებთ, აუტიზმის სპექტრის აშლილობა ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აქვს, რაც უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. მხოლოდ 2015 წელს აუტიზმის გავრცელება 10-დან 17%-მდე გაიზარდა. 

საინტერესოა, რომ უახლესი კვლევით ამერიკელ ბავშვთა 2%-ზე მეტს განვითარების სხვადასხვა დარღვევა აღენიშნება. 

თუ რა გახდა სტატისტიკის ასეთი ზრდის მიზეზი რთული სათქმელია და თავისი როლი ითამაშა დიაგნოსტიკის გაუმჯობესებამ და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებამ. ხოლო, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გარემოს დაბინძურებას მიიჩნევენ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცნობადობის ამაღლების კამპანიები და სერვისების გაუმჯობესებაც, რამაც მიმართვიანობის გაზრდა გამოიწვია. 

კვლევებით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დადასტურდა, აუტიზმი ბიჭებში კვლავინდებურად 4-5-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში. 

აუტიზმის ადრეული ნიშნები

თანამედროვე მიდგომით აუტიზმის დიაგნოსტირებისთვის ბავშვს განვითარების ან ქცევის სულ ცოტა 6 სპეციფიკური ნიშანი მაინც უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნები 3 წლამდე ასაკში უნდა გამოვლინდეს და აუტიზმის გარდა სხვა ლოგიკური ახსნაც არ უნდა არსებობდეს.

ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • კვების დროს თვალებით კონტაქტს თავს არიდებს;
  • თქვენს ჟესტიკულაციას თვალს არ აყოლებს;
  • სახელით მიმართვაზე რეაქცია არ აქვს;
  • მისალმებაზე ან დამშვიდობებაზე არ რეაგირებს;
  • თქვენი მიმიკების იმიტაციას არ ცდილობს;
  • არ უყვარს სხვა ბავშვებთან თამაში;
  • ყურადღებას არ იჩენს გარშემომყოფების მიმართ;
  • ხმაურით არ ცდილობს ყურადღების მიქცევას.

რა იწვევს აუტიზმს?

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმს მილიონობით კვლევა მიეძღვნა, მაინც რთული სათქმელია თუ რა იწვევს მას. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, ისევე როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. ბოლო წლების განმავლობაში სპეციალისტებმა იშვიათი გენური მუტაციები აღმოაჩინეს, რაც აუტიზმის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. დადგენილია ასობით გენი, რომელიც აუტიზმის რისკის მატარებელია. 

აუტიზმის განვითარებაში ასევე გარკვეულ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები, რომელიც თავის ტვინზე დაბადებამდე და დაბადების შემდეგ ახდენს ზემოქმედებას.

ასეთი ფაქტორებია:

  • მშობლების ასაკი ჩასახვისას;
  • დედის ავადმყოფობა/ორსულობისას მავნე ზემოქმედებები;
  • რთული მშობიარობა;
  • დღენაკლულობა, მცირე წონა.  

მნიშვნელოვანია!!! ეს ფაქტორები აუტიზმს არ იწვევენ, უბრალოდ გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად გარკვეულ გავლენას ისინიც ახდენენ. 

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბავშვი შესაძლოა დაიბადოს გენეტიკური რისკ-ფაქტორებით, რომლის განვითარებასაც შეუსაბამო გარემო-ფაქტორები უწყობს ხელს. 

აუტიზმის მკურნალობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუტიზმთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, თუმცა ერთი რამ რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ დროული და ინტენსიური ჩარევა = სწორ დიაგნოსტიკას = უკეთეს შედეგს !

აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, უმეტესად ეს არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში თანმდევი მდგომარეობა, თუმცა ჩარევის შედეგად ყველა ბავშვის ან ზრდასრულის მდგომარეობა უმჯობესდება, სიმპტომები მცირდება, ხოლო შესაძლებლობები იზრდება. ადრეული დიაგნოსტიკა აუტიზმის მქონე ბავშვს აძლევს შანსს, რომ გაუმჯობესება წლებთან ერთად უფრო და უფრო თვალსაჩინო იყოს. 

სწორი თერაპიის დამსახურებით აუტიზმის მქონე პირების უმეტესობა სწავლობს სამეტყველო ენის გამოყენებას, კომუნიკაციას. 

რაც შეეხება მკურნალობას, ყველა ინდივიდი უნიკალურია, ამიტომაც მკურნალობის გეგმა კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ზოგადად, ეს პროცესი ძალიან ინტენსიურია და პროფესიონალთან ერთად ოჯახიც აქტიურადაა ჩართული. 

ბავშვის მკურნალობა ნაბიჯ-ნაბიჯ იგეგმება და თერაპიის მეთოდის განსაზღვრაც ზუსტად ხდება. 

რომ შევაჯამოთ…

ალბათ ყველა მშობლისთვის რთულია იმის აღქმა, რომ ბავშვს პრობლემა აქვს, თუმცა როდესაც საუბარი აუტიზმზეა, სწრაფად რეაგირება გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

აუტიზმის მკურნალობა და საოცარი შედეგების მიღება ნამდვილად შესაძლებელია.

აუტიზმის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლიათ და ამის ნათელი მაგალითი უამრავი ცნობილი ადამიანია:

  • ჰანს კრისტიან ანდერსონი
  • ტიმ ბარტონი
  • ჩარლზ დარვინი
  • ალბერტ აინშტაინი
  • ბილ გეიტსი
  • ტომას ჯეფერსონი
  • სტივ ჯობსი
  • მიქელანჯელო ბუონაროტი
  • დერილ ჰანა
  • სტენლი კუბრიკი
  • ლიონელ მესი
  • რობინ უილიამსი
  • ენტონი ჰოპკინსი
  • ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
  • ნიკოლა ტესლა

აუტიზმის მქონე ადამიანებს სხვადასხვა უნიკალური უნარებიც აქვთ:

  • გამორჩეული მეხსიერება
  • მათემატიკური შესაძლებლობები
  • კომპიუტერული უნარები
  • მუსიკალური შესაძლებლობები
  • გარემოში ორიენტაციის საოცარი უნარი
  • ვიზუალური აზროვნება

დღეს 2 აპრილს  მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.

აუტიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა დღემდე მიმდინარეობს. ძირითად მიზეზებად სახელდება გენეტიკა და ეკოლოგია, ანუ მემკვიდრეობითობა და გარემოს გავლენა.

აუტიზმის ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკასა და გამოკვლევებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური კორექციის ინდივიდუალური პროგრამები.

 

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანების  რაოდენობის შესახებ არ არსებობს

აშშის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევა მსოფლიოში 68–დან ერთ ბავშვში გვხვდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე  ბავშვების რაოდენობა წელიწადში 13%-ით იზრდება.

 

ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი 1 მარტიდან საქარველოს სახელმწიფო ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ ბავშვებს მოემსახურება.

 

რა არის ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა?

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია.

ადრეული ინტერვენციის პროცესი მოიცავს დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.

ვის შეუძლია ისარგებლოს ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისით?

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამაში მოცემული IჩD-10-ის დიაგნოზებით (გთხოვთ იხილოთ ბმული).

შენიშვნა: ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება არ აქვს ზემოთ მითითებულ ბმულში, ღ62.0-ის დიაგნოზის მქონე ბავშვს, რომელიც ჩართულია ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში.

რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურების მისაღებად?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

• პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

• კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში - დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

• ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

სოციალური მუშაკი ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას და მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

• ბავშვები, რომელთა მომსახურებაში ჩართვის თაობაზე განცხადებები სააგენტოში შემოსულია 2017 წლამდე;

• რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

• მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;

• ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

• ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;

• „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

• განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

როგორ ფინანსდება ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარი?

მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად. ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 18,5 ლარი.

თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა ნაკლებია განსაზღვრულ ლიმიტზე, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 18,5 ლარის ოდენობაზე.

შენიშვნა: ზედიზედ, 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა.

მოგესალმებათ ,,ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს.

დაიხურა 2018 წლის კალენდარი. ძალაუნებურად იხსენებ გასულ წელს, გასულ დღეებს. გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ სიკეთით სავსე ადამიანებს, ვინც ჩვენს ბენეფიციარებს-განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს - ქველმოქმედება სხვადასხვა სახით გაუწია.

მადლობა ანსამბლ ,,ლალეს“რომელიც ლელა მითაიშვილის და ლაშა ღლონტის ერთბლივი პროექტია და 2014 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა.

მადლობა ბათუმის სტამბას და მის ხელმძღვანელს გოჩა   ფუტკარაძეს,რომელმაც საქველმოქმედო კონცერტის აფიშები და ბილეთები დაგვიმზადა უსასყიდლოდ.

მადლობა ქობულეთის მე-საბავშვო ბაღს და ქალბატონ გიუზელ ნიჟარაძეს.

მადლობა ქობულეთის მერიას და ბაღების გაერთიანებას, ქალბატონ ია ხალვაშს.

მადლობა ბატონ სულხან ევგენიძეს.

მადლობა       ქობულეთის საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მამუკა ქათამაძეს.ვინც 100 ლარი შემოწირა ცენტრს

მადლობა გასართობ ცენტრის  ,,წუნა და წრუწუნას“ ხელმძღვანელს  ქალბატონ მაყვალა ცენტერაძეს და  დიჯეი თორნიკე ფუტკარაძეს.

მადლობა ქობულეთის  განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურს და მის ხელ–ლს ნათია ნიჟარაძეს.

 

გვახსოვდეს, ჩვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების ხვალინდელი დღე. დღეს ჩვენს ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, ხვალ ისინი ჩვენ შეგვაშველებენ ხელს.

ერთად შევცვალოთ რეალობა.

სიკეთე გადამდებია.

სიკეთეს სულის სიმშვიდე მოაქვს.

და ბოლოს ,,რასაცა გასცემ შენია, რას არა დაკარგულია..“

ნინო ახალაია: „ნუ გიხარიათ როდესაც თქვენი 3 წლის ბავშვი ინგლისურად საუბრობს“

რა გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე ინტერნეტი და რა პრობლემამდე მივყავართ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს. XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველზე აქტუალურ პრობლემაზე, ბავშვისა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გადაჭარბებულ გამოყენებასა და უარყოფით შედეგებზე ფსიქოლოგმა ნინო ახალაიამ გადაცემაში „FM პედიატრი ისაუბრა.

რამდენად ახდენს ზემოქმედებას ბავშვის ქმედებებზე ინტერნეტის, სმარტფონების, კომპიუტერების და ტელეფონების ხშირი გამოყენება?

ნინო ახალაია: ეს ყველაზე აქტუალური თემაა ფსიქოლოგთან მომართვიანობის თვალსაზრისით. მაშინ როდესაც პატარა უნდა თამაშობდეს და დაკავებული იყოს სხვადასხვა საქმიანობით ის დროს ცისფერ ეკრანთან ყოფნაში ატარებს, ამ დროს ის პასიურია. როგორც მხედველობისთვის, ასევე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით უდიდეს ზიანს აყენებს ის ბავშვს. გადაჭარბებული ინტერნეტ მოხმარების დროს, საკმაოდ ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა. ნუ გიხარიათ როდესაც თქვენი 3 წლის ბავშვი ინგლისურად საუბრობს. პატარა, რომელიც ქართულენოვან ოჯახში იზრდება და საუბრობს რუსულ ან ინგლისურ ენაზე ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ის დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ეს პრობლემა განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეხებათ. მაშინ როცა ბავშვი ზედმეტად დიდ დროს უთმობს მულტფილმების ყურებას, ქვეითდება მისი ფიზიკური აქტივობის ხარისხი, თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი და განიცდის თამაშის დეფიციტს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი არის სოცილური არსება და არ უნდა ხდებოდეს მისთვის ეს ურთიერთობა იძულებითი. იმდენად ცოტა დროა დასაშვები ბავშვისთვის იმისათვის, რომ მან მოიხმაროს ინტერნეტი, რომ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ამ დროით პატარა. პატარა ბავშვებისთვის ინტერნეტის მოხმარებისთვის მხოლოდ 15 წუთია დასაშვები.

ამ პრობლემის თვალსაზრისით, ძალიან გაახალგაზრდავდა ასაკი. ვგულისხმობ იმას, რომ უკვე საკმაოდ პატარა ბავშვები მოიხმარენ ინტერნეტს.

ნინო ახალაია: ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილია ეს ტექნოლოგიები, თოთო ბავშვებსაც კი ამის პრობლემა აქვთ. თვალშისაცემია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დედა ბაღში მიიყვანს ბავშვს და იქ პატარა მულტფილმის გარეშე საკვებს არ მიირთმევს. მაშინ როდესაც ბავშვი საკვებს ასეთი ხერხის ზემოქმედებით მიირთმევს ვერ აცნობიერებს იმას, თუ რატომ მიირთმევს საკვებს. დედა ასეთ დროს მხოლოდ, იმაზე ფიქრობს როგორმე გამოკვებოს პატარა, თუ რამხელა ზიანი მოაქვს გაუაზრებელ მოქმედებას მომავალში, სამწუხაროდ ამას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ

ხშირად პასიურობასთან ერთად ამბობენ, რომ აგრესიულიც ხდება ბავშვი. რამდენად სწორია ეს ყველაფერი?

ნინო ახალაია: აგრესიულობის ხარისხი დამოკიდებულია კიდევ იმაზე თუ რა შინაარსის მულტფილმს უყურებს ბავშვი. აგრესიულობას ხშირად იწვევს ის, რომ იძულებით ხდება ტკბობის შეგრძნება, მაშინ როცა შეუწყვეტენ პატარას მულტფილმის ყურების ხანგრძლივობას. სკოლამდელი ასაკის პატარა რისკებს ვერ ხვდება და ხშირად სწორედ ესაა ნერვული სისტემის აგზნების მიზეზი. განსაკუთრებით ეს ძილის წინ პერიოდში იგრძნობა. სხვა თუ არაფერი, ის შინაარსი, რომელსაც უყურებს ბავშვი, ხშირად შეაღწევს ხოლმე მის ფსიქიკაში და უფრთხობს ძილს.

გამოდის, რომ დღის განმავლობაში უფრო სასურველია ეკრანთან ურთიერთბა ვიდრე ღამით.

ნინო ახალაია: ცხადია ასეა. ალტერნატივის გამოძებნა აუცილებელია. არ არსებობს უკეთესი განმავითარებელი, ემოციური ბალანსის აღმდგენი, იმ მონატრების დამაკომპენსირებელი ვიდრე მშობლის და შვილის ერთად ხატვა, გასეირნება და ურთიერთობა წარმოადგენს. არ არსებობს უკეთესი განმავითარებელი აქტივოებები ბავშვისთვის ვიდრე მასთან ფიზიკური ურთიერთობაა.

ჩვენ ვისაუბრეთ შინაარსზე, ამ შემთხვევაში ხომ არ არის აუცილებელი მშობელმა შეარჩიოს თუნდაც ის მულტფილმები რომელსაც ბავშვმა თუნდაც 15 წუთის განმავლობაში უნდა უყუროს?

ნინო ახალაია: პირველ რიგში ეს არის საბავშვო და არასაბავშვო მულტფილმი. იქ სადაც კარგი ისტორიაა, პრობლემა უფრო ჩანს ვიდრე გადაწყვეტის გზები, ეს უმნიშვნელოვანესია. ასევე საზრუნავია შეარჩიოთ სწორად გმირი თუ როგორი გმირი ყავს მულტფილმს. უდიდესი მნიშნველობა აქვს ამ ყველაფერს რადგან იყო რისკები, კარადიდან, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობების, რადგან პატარა ბაძავდა გმირს, მაგ. სპაიდერმენს, ბეტმენს, რომელსაც მულტფილმებით ხედავდა.

მინდა ვისაუბროთ იმ ფიზიკური პრობელემების შესახებ, რასაც ეს მოწყობილობები უქმნის ბავშვებს.

ნინო ახალაია: უმეტეს შემთხვევაში პრობლემას სტატიკური მოქმედება იწვევს, რადგან ბავშვი არ მოძრაობს. ზოგადად ეს ყველაფერი მთლიანად სხეულს უდიდეს პრობლემას უქმნის. ის რეცეპტორები, რომლებიც თითის ბალიშებზეა განლაგებული და კავშირშია მეტყველებასთან და რაც მხოლოდ ფიზიკურ აქტივობაში გამოიხატება, დათრგუნულია უმოძრაობის დროს. მოტორიკა უნდა განვითარდეს, ეს არის მთელი რიგი სისტემა. თუკი რისკებს გავაცნობიერებთ, თუკი პრიორიტეტებს გადავაწყობთ და ჩამოვაყალიბებთ რა არის მნიშვნელოვანი, საკითხის მიმართ ხედავაც შეიცვლება, მერე აღარ ჩნდება დაუძლეველობის განცდა. გამოსავალი არის რა გვინდა, რეალურად ამაზე ვიფიქროთ.

 

სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად

«დაალაგე სათამაშოები!», «დაიბანე ხელები!», «ჩქარა წადი დასაძინებლად!» ამ მითითებების შესრულებას ბავშვები რატომღაც არასოდეს ჩქარობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ უნდათ დროის დახარჯვა ასეთ უინტერესო საქმეებზე. ერთადერთი საშუალება რომ ბავშვმა სწრაფად შეასრულოს დავალება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მათთვის საინტერესო გახადოთ. დაღლილი მშობლები იტყვიან: სამაგისოდ არა გვცალია, მაგის ძალა და ნერვები არა გვაქვს, არ ვიცით რა თქმა უნდა იცით! უბრალოდ, თამაშში უნდა ჩაერთოთ. ბავშვსაც ესიამოვნება და თქვენც გახალისდებით.

«მიდი ჩქარა, რამდენ ხანს შეიძლება ზოზინი?» ნაცვლად,

უთხარით: «მოდი შევეჯიბროთ. სტარტი, ყურადღება, გავიქეცით!».

«ახლავე მივდივართ აბაზანაში! სამამდე ვითვლი!» ნაცვლად, image

უთხარით: «სტარტი, გემის გასვლამდე სულ ცოტა დარჩა. ათვლა დაიწყო: 10, 9, 8…».

«ვიდრე სუპს არ გაათავებ, ტკბილეულს ვერ მიიღებ» ნაცვლად, image

უთხარით: «როგორც კი სუპი გაქრება თეფშიდან, მაგიდაზე დესერტი გაჩნდება!».

«სწრაფად დაიძინე!» ნაცვლად,
უთხარით: «რა გინდა რომ სიზმარში ნახო?».

«ნუ მიშლი ტელეფონზე საუბარს» ნაცვლად,
უთხარით: «როდესაც საქმეს დავასრულებ, სიურპრიზი გელოდება».
image

«ახლავე მორჩი ჭირვეულობას!» ნაცვლად,
უთხარით: «ვაიმე, ეტყობა ჭირვეულა ჩაგვისახლდა, მოდი სასწრაფოდ გავაგდოთ, თორემ ხასიათს გაგვიფუჭებს!».image

«ჩემი რატომ არ გესმის? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?» ნაცვლად,
უთხარით: «კაკტუსო, კაკტუსო, მე ფიკუსი ვარ, ხაზის შემოწმება, მომახსენე, როგორ გესმის ჩემი! გადმოვცემ მნიშვნელოვან ინფორმაციას».
«არ შეიძლება ჭუჭყიანი ტანსაცმლით სიარული, სხვა რამეს ჩაგაცმევ, ეს უნდა გავრეცხო!» ნაცვლად, image

უთხარით: «შენი საყვარელი კაბა (შარვალი...) საბანაოდ წავიდა და თავისი და გამოგიგზავნა».
«ღმერთო, რა უწესრიგობაა! შენ ნამდვილი ფეთხუმი ხარ!» ნაცვლად, image

უთხარით: «ნეტა ჯადოქრად იქცე და ოთახი მოაწესრიგო».

«მოდი აქ უნდა გცემო!» ნაცვლად,
უთხარით: «როდესაც ბავშვები ცუდად იქცევა, დედეა ბოროტ ჯადოქრად გადაიქცევა»
«როგორ დავირალე შენგან!» ნაცვლად, image

უთხარით: «ჩემი ქვაბი დუღდება, დუღდება და უკვე ადუღდა, სულ მალე აფეთქდება, თავს გაუფრთხილდი!»

«ახლავე დაიძინე!» ნაცვლად, image

უთხარით: «დაიძინე, და ვიდრე გეძინება, მოვა კეთილი ფერია და შენს საყვარელ კანფეტს (ან ნებისმიერი რამ, რაც უყვარს) მოგიტანს» (ღამე ბალიშის ქვეშ ის დაუდეთ, რასაც შეპირდებით).

«შენმა ნახატმა კიდევ ვერ მიიღო საპრიზო ადგილი გამოფენაზე? ხო, შენგან მხატვარი არ გამოვა» ნაცვლად, image

უთხარით: «ვერ დაიკავე და ნუ დაიკავე. სამაგიეროდ, (მაგ.) პეიზაჟები ყველაზე კარგად გამოგდის».

image

«აბა, გაკვეთილებს მიხედე!» ნაცვლად,
უთხარით: «მოდი შენ გაკვეთილებს მიხედე, მე დავალაგებ ვინც სწრაფად დაამთავრებს, მარწყვის ნაყინს მიიღებს. მეორე ადგილზე გასული უბრალოდ თეთრს (ვანილის)»

image

«ჩაიცვი, სასეირნოდ მივდივართ» ნაცვლად,
უთხარით: «გინდა ეზოში ჩავიდეთ. ვნახოთ, ერთი, საინტერესო რა ხდება?».

image

«სწრაფად გამორთე ტელევიზორი!» ნაცვლად,
უთხარით: «ტელევიზორის დასვენების დრო მოუვიდა».

«მორჩი ტირილს!» ნაცვლად,
უთხარით: «ვაიმე, მალე შენი ცრემლებით გუბე დადგება. არ ვიცი დახრჩობისგან თავი როგორ გადავირჩინოთ?»
«შენ რა, ხარბი ხარ?! აბა მიეცი კანფეტების ნაწილი ბავშვს!» ნაცვლად, image

უთხარით: «გემრიელია კანფეტი არა? მოდი სხვებსაც გაუმასპინძლდეთ, რომ მათთვისაც გემრიელი იყოს».

image

«ნახე იმ ბავშვმა როგორ ლამაზად გააკეთა, შენ რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება?» ნაცვლად,
უთხარით: «ნახე მან რა კარგად გააკეთა. მე მგონი, შენ უკეთესად შეგიძლია ამის გაკეთება!».

image

ფსიქოლოგის კომენტარი თემასთან დაკავშირებით


რაც უფრო მეტია თამაში, ჯადოსნობა და «საინტერესობები» საუბარში, დარწმუნებაში და თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, მით უფრო გაგიადვილდებათ მოლაპარაკება ბავშვთან და მით უფრო ახლოს იქნებით მასთან. ზოგ ბავშვს ჯადოსნობა იზიდავს, ზოგს შეჯიბრი, ზოგი კი რომ დაამშვიდოდ, უნდა გულში ჩაიკრათ და მოეფეროთ.
მაგრამ არის მომენტები, როდესაც მსგავსი ხრიკები საჭირო არ არის. მაგალითად, როდესაც მართლა გაბრაზებული ხართ და თამაშის და ხუმრობის განწყობა არა გაქვთ. არ არის საჭირო ძალდატანებითი სიცილი და «კბილებიდან გამოცრილი» ხუმრობა. ბავშვი მაშინვე მიხვდება სიყალბეს და დაიბნევა.
თუ გაბრაზებული ხართ, აუხსენით ბავშვს თქვენი მდგომარეობა. მაგ., «მე ძალიან განვიცდი, რომ ჭირვეულობ». არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ, უბრალოდ აუხსენით.

წყარო: intermedia.ge  ავტორი:ლალი ადიკაშვილი

 

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა მედეა ზირაქაშვილის რეკომენდაციები

გადაცემა სტუმრად ექიმთან აუტიზმის შესახებ გარცელებულ ყველაზე აქტუალურ თემებსა და ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას დაეთმო. რამდენად შეუძლია პლანშეტს, ტელეფონს, ტელევიზორს აუტიზმის გამოწვევა და სპექტრის ნიშნების ჩამოყალიბება; რაზეა დამოკიდებული დიაგნოზის საბოლოდ მოხსნა და რა შედეგები აქვთ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი თერაპია ადრეულ ასაკში დაიწყეს; რა კავშირშია მძიმე მეტალები აუტიზმთან; რა ეტაპზეა უახლესი კვლევები აუტიზმის დიაგნოსტიკასა და მედიკამენტოზური თერაპიის ნაწილში ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.

ბოლოდროს ხშირად გვესმის, რომ აუტისტური სპექტრის დიაგნოზმა იმატა. რეალურია ეს,თუ იმატა დროულმა მომართვიანობამ და ხალხი პრობლემაზე ღიად ალაპარაკდა?

აუტიზმთან დაკავშირებით 2010 წლის შემდეგ სტატისტიკა არ შეცვლილა. 2010 წელს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 68 ბავშვიდან ერთს ჰქონდა აუტიზმის სპექტრის აშლილობა. დღეს სტატისტიკა იგივეა, ამიტომ ასეთი დიდი შფოთვა ვფიქრობ, გადაჭარბებულია. რაც შეეხება თავად ტერმინის უფრო ხშირად გამოყენებას, კი ნამდვილად დღეს ბევრს და ღიად ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, გაცილებით მაღალია სოზოგადო აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

როდესაც გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვესმის, რომ პლანშეტიდა ციფრული ტექნოლოგიები პირდაპირ კავშირშია აუტიზმთან, რეალურადრამდენად შეუძლია პლანშეტს, ტელეფონს, ტელევიზორს აუტიზმის გამოწვევა და სპექტრის ნიშნების ჩამოყალიბება?

როგორც წესი, ბევრი მითი ვრცელდება ხოლმე მაშინ, როდესაც არ ვიცით ზუსტი მიზეზი. აუტიზმი სწორედ ამ დიაგნოსტიკური კატეგორიების ჯგუფს მიეკუთვნება. დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ აუტიზმის წარმოშობაზე, როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობისა და რისკ ფატორების ურთიერთქმედების შედეგზე.კვლევებით გამოვლენილ რისკ ფაქტორებს შორის ,რაც უნდა ბევრი ვეძებოთ ლიტერატურაში ვერსად ვერ ვნახავთ ასე ხაზგასმით გამოყოფილ ციფრულ ტექნოლოგიებს-მოაზრებულს რისკ ფაქტორად.შესაძლებელია ციფრულ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობამ დაამძიმოს სიმპტომატიკა,მეტად მოხდეს ინტერესთა სფეროს შევიწროვება , მეტად იზოლირდეს ბავშვი, მაგრამ ის რომ ტელევიზორმა და კომპიუტერმა დამართა აუტიზმი, რაც ხშირად მომისმენია მშობლების კომენტარიდან მხოლოდ ისტერიის ნაწილი მგონია.მეტი კვლევებია საჭირო ამ კორელაციის საფუძვლიანად შესასწავლად, რადგან დღესდღეობით მსგავსი კვლევების მნიშვნელოვანი დეფიციტია, მაგრამ რაც უკვე არის, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების და აუტიზმის ,როგორც მიზეზ- შედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ ცალსახად მითითებული ნამდვილად არ არის.საინტრესოა, რომ ბოლო პერიოდში, გაიდლაინების ტონიც შემსუბუქდა და თუკი ადრე მითითებული იყო, რომ გაჯეტი ბავშვისთვის საერთოდ არ შეიძლებოდა,ამჟამინდელი მოწოდებაა,რომ აკრძალვის ნაცვლად ეკრანთან გატარებული დრო,გონივრულად და ზომიერად გამოიყენოს. მთავარია, რა შინაარსი მიეწოდება ბავშვს.

მოხსნილი დიაგნოზების შესახებ მინდა გკითხოთ, რაზეა დამოკიდებული დიაგნოზის საბოლოდ მოხსნა და რა შედეგები აქვთ ბავშვებს,რომლებსაც შესაბამისი თერაპია ადრეულ ასაკში დაიწყეს?

თუ გადავხედავთ 70-იანი წლების მონაცემებს, ვნახავთ, რომ მაშინ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს დიაგნოზი მოხსნას ექვემდებარებოდა. მაშინ საუბრობდნენ, რომ ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. 2013 წელს პირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს განცხადება 19 წლიანი დაკვირვების შედეგად გაკეთდა. კვლევას ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, კატერინა ლორდი ხელმძღვანელობდა. შედეგები დაიბეჭდა ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ჟურნალში (JOURNAL OF CHILD PSYCHOLOGY AND PSYCHIATRY DECEMBER 2013 Impact Factor: 6.46) აქ საუბარი იყო, რომ შემთხვევათა 9%-ში შესაძლებელია დიაგნოზი მოიხსნას. ამავე პერიოდში დებორა ფეინი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, პირველად იწყებს საუბარს ოპტიმალურ გამოსავალზე. ოპტიმალური გამოსავალი არის მდგომარეობა, რომელსაც მაღალი ინტელექტის მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი აღწევს. ამ დროს იმდენად მსუბუქდება აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომები, რომ ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელი არ ეშლება. ცხადია შეიძლება რჩებოდეს სხვა პრობლემა, მაგალითად პრაგმატული ენის დარღვევები, იმპულსურობა, შფოთვა, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა.

დღეს თავისუფლად ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია დიაგნოზის მოხსნა.ძალიან დიდ პროფესიონალიზმს და საკითხის ყოველმხრივ ცოდნას მოითხოვს ოპტიმალური გამოსავლის დადგენა და ბავშვისა და მოზარდისთვის სერვისების შეწყვეტა.ერთია, როდესაც ადრეულ ასაკში დაწყებული თერაპიის ფონზე ვიღებთ სასურველ შედეგს სოციალურ- კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესების კუთხით და მეორეა ოპტიმალური გამოსავალი თავისი სერვისების შეწყვეტით.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუტიზმის სპექტრის დროს ბავშვებს თავისი სიმძიმისა და განვითარების მხრივ უნდა მივაწოდოთ თერაპიული სერვისი და სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა განვითარების დონეზე ეს მეთოდები და სპეციალისტები სხვადასხვაა და მულტიდისციპლინური.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დიაგნოზის მოხსნა არ არის მარტივი. დიაგნოზის მოხსნა არ ხდება 2-3 წელიწადში, ეს მრავალწლიანი დაკვირვების შედეგია.

თქვენ გამოაქვეყნეთ ორი ძალიან საინტერესო ბლოგი უახლესი კვლევების შესახებ, სადაც სისხლის ანალიზის მიხედვით აუტიზმის დიაგნოსტიკასა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტოზური თერაპიის ჩართვაზე იყო საუბარი

2018 წლის თებერვალში აშშ- საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ( FDA), ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად, დაიწყო სერიოზული კვლევების ციკლი მედიკამენტზე, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეყურებს.2020 წლისთვის დაიდება საბოლოო შედეგები, რამდენად მნიშვნელოვნად შეუძლია მედიკამენტმა გააუმჯობესოს სოციალურ- კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს.გამოცდის პირველი ეტაპი მედიკამენტმა ზრდასრულებზე უკვე გაიარა, ახლა საუბარია იმაზე, რომ ის ბავშვებსა და მოზარდებზე გამოიცადოს და დადასტურდეს მისი ეფექტურობა.ამ დრომდე არავინ იცის, თუ რა მექანიზმით მუშაობს ის.

არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც წინა კვლევა. დიდი ბრიტანეთისა და ბოლონიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოიკვლიეს 35 ტიპური განვითარებისა და 31 აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და შეადარეს მათი სისხლისა და შარდის ანალიზები. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით დაზიანებული ცილის დაშლილ პროდუქტს- დითიროზინს , ტიპური განვითარების ბავშვების სისხლთან შედარებით.ადრეა ჯერ საუბარი იმაზე, რომ ეს პროდუქტია სწორედ ეტიოლოგიური ფაქტორი- აუტიზმის და მკვლევარები თვითონ ბევრს საუბრობენ კვლევის ნაკლოვანებებზე,მაგრამ ვფიქრობ,რომ მაინც ძალიან საინტერესო კვლევაა.

კიდევ ერთი პოპულარული თემა არის მძიმე მეტალები და მათი გავლენა აუტისტური სპექტრის აშლილობზე

ვფიქრობ, რომ მხოლოდ მძიმე მეტალების კონცენტრაციის მატება სისხლში, რომ განაპირობებდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის ესოდენ მრავალფეროვან კლინიკას, ძალიან ადვილად დასამტკიცებელი იქნებოდა ეს ფაქტი მეცნიერთა მიერ,თმითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა რაოდენობის ფინანსები და ადამიანური რესურსი იხარჯება აუტიზმის სპექტრის აშლილობის ეტიოლოგიური ფაქტორის ძიებაზე.

ძალიან ხშირად გვესმის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ექმნებათ პრობლემები ბაღში, რეალურად როგორი უნდა იყოს გარემო ამ დროს ბავშვებისთვის და არის თუ არა საჯარო ბაღები სოციალური უნარების განვითარებისთვის კარგი ადგილი?

ბავშვები, რომლებსაც აუტიზმის სპექტრის აშლილობა ან ნებისმიერი ტიპის განვითარების დარღვევა აქვთ, უნდა იზრდებიდნენ და ვითარდებიდნენ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, რომლის მთავარი ნიშნებიც არის კომუნიკაციის და სოციალიზაციის დეფიციტი, თუ არ დავეხმარებით მას ბავშვებთან ინტეგრირებაში ძალიან დიდხანს დაკავდება მისთვის სასურველი აქტივობით, იზოლირებულად ითამაშებს და ვერ მივიღებთ იმ მნიშვნელოვან ეფექტს, რისთვისაც მიგვყავს ბაღში ბავშვი.ვფიქრობ , რომ ინფორმირებული კადრების დეფიციტი ნამდვლად არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ პედაგოგები არ ცდილობენ, უბრალოდ სასურველია მეტი დრო ეთმობოდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის უნარების განვითარებას პროფესიულ წრეებში.ასევე მშობელს შეგვიძლია მივცეთ რჩევა: თუ არის შესაძლებლობა ბავშვის ბაღისთვის მოსამზადებლად, მე ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას: ჯერ დავიწყოთ ქცევითი თერაპია, მეტად მიმღები გავხადოთ ბავში სწავლებისადმი ,ჩამოვაყალიბოთ საწყისი სოციალური უნარები, ვიმუშაოთ იმიტაციის უნარზე,ჩამოვაყალიბოთ მარტივი ინსტრუქციული კონტროლი და შემდეგ უფრო მარტივად მოხდება მისი ბაღში ადაპტირება, თუ ამის არც ტექნიკური, არც ფინანსური შესაძლებლობა არ არსებობს, რა თმა უნდა სახლში დასმას, სჯობს, რომ მიიყვანოს ბაღში.

ქცევითი პრობლემები, ყურადღების დეფიციტი, დაგვიანებული მეტყველება, ჰიპერაქტიულობა ეს ის ხშირი სიმპტომებია, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებში თითქმის ყველა ნაბიჯზე გვხვდება. სად გადის ზღვარი აუტიზმსა და სხვა ტიპის განვითარების ეტაპების შეფერხებას შორის და რა დროს გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება?

სწორედ ამის გამო ხშირია დაგვიანებით მომართვა, რადგან მშობელი ფიქრობს, რომ ის რაც მის შვილს ახასიათებს, აღენიშნებათ სხვა ბავშვებსაც. შესაძლოა, სიმპტომები ერთნაირი იყოს, აქ საუბარია სხვადასხვა სფეროებში სირთულეების ერთობლიობასა და ინტენსივობაზე და ფუნქციონირების დონის დარღვევაზე. შესაძლოა, ყველა ბავშვი აწყობდეს მწკრივში სათამაშოს, მაგრამ მისთვის სათამაშოს გამოყენება მხოლოდ ასეთი სტერეოტიპული მიდგომით თუკი შემოიფარგლება, ეს პრობლემაა. შეიძლება ბავშვი არ ლაპარაკობდეს,მაგრამ დავალების შესრულებაში მას ხელს რა უშლის. თუკი არ მეტყველებს ბავშვი, მიმიკა-ჟესტებით უნდა ჩაანაცვლოს მეტყველების დეფიციტი. თუკი ბავშვი ბევრს ტრიალებს, ირიბი მზერით აკვირდება საგნებს, აქვს უმიზეზო სიცილის ეპიზოდები, ახასიათებს სიხარულის დროს მოჭარბებული მოძრაობები რა თქმა უნდა, ეს არ არის ტიპური განვითარების ნიშნები. რომ შევაჯამოთ -ბავშვს, რომელსაც არ უჩნდება სურვილი მშობელს გაუზიაროს სიხარული, ან რომელსაც აქვს მზერითი კონტაქტის, სოციალური ღიმილის დეფიციტი, არ რეაგირებს სახელით დაძახებაზე, სიხარულზე, აქვს მოჭარბებული მოტორული აქტივობა ამ სიმპტომებზე მშობელმა ადრეულ ასაკში უნდა გაამახვილოს ყურადღება და მიმართოს სპეციალისტს.

მშობლები ხშირად სვამენ ამ შეკითხვას - რატომ არის ბავშვი უინტერესო, არამოტივირებული, რატომ ეზარება ყველაფერი, სწავლის ჩათვლით? უნდა ავუკრძალოთ თუ არა მას რამე, თუ ყველაფრის ნება მივცეთ? აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს ცნობილი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

-
ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ თუ შვილს მატერიალურად უზრუნველყოფს და იყიდის იმას, რაც დააკლო ფსიქოლოგიურად, ყველაფერს აანაზღაურებს. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ტექსტები: ბავშვებს 6 წლამდე არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ნერვები აეშლებათ. ბევრ მშობელს უთქვამს, რომ არ შეიძლება ბავშვს რაიმე ავუკრძალო იმიტომ, რომ ტირილით ნერვები აეშლება.

ნერვული სისტემა დაუზიანდება, სტრესში ჩავარდება, მერე უკვე ცუდი პიროვნული თვისებები ექნება. მერე მოჰყავთ მაგალითი, აი, იაპონიაში 5-6 წლამდე თურმე ბავშვებს არაფერს უკრძლავენ. შემდეგ უცბად ავიწყდება თავისი სენტენცია, რომ ბავშვს სტრესი არ უნდა მიაყენოს და გადადის თმის მოწიწკვნაზე, ყურის აწევაზე და ცემაზე. იმიტომ, რომ სხვანაირად ვეღარ ახერხებს თავგასული ბავშვის მართვას. ვეუბნები მშობელს, რატომ იშლი ნერვებს, როცა შეგიძლია ჩარჩოს დაწესება ადრეული ასაკიდანვე. ყველა ბავშვი ითხოვს ჩარჩოს. იმიტომ, რომ ბავშვის ტვინი ისეა მოწყობილი, წვრთნა სჭირდება. თუ ბავშვი გაიწვრთნება, პრობლემაც არ იქ

ნება. მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის. ფსიქოლოგები ვამბობთ, რომ თავისუფალ ნებას სჭირდება წრთობა, თავისუფალი ნება არის არჩევანი, ცუდსა და კარგს შორის. არჩევანი ერთ ქმედებასა და მეორე ქმედებას შორის. არჩევანი მოსალოდნელ ქმედებასა და არსებულ ქმედებას შორის. ტვინს სჭირდება ვარჯიში და გარემოდან თუ არ იქნა იფორმაცია და სტიმული, ტვინი ვერ სწავლობს. ბავშვის ტვინს უნდა ვასწავლოთ იმპულსის შეკავება. კანფეტი ახლა არა, მერე ჭამე. სათამაშო ახლა არა - ხვალ. ეს უნდა გაითავისოს ბავშვმა და უნდა ივარჯიშოს იმაში, რომ დაბრკოლება გადალახოს. ეს ახლა არ შეგიძლია, ცოტა ხანში შეძლებ. ბავშვი ისწავლის ტვინის დაგეგმვას და იმპულსების შეკავებას. კონტროლის, თვითრეგულაციის მექანიზმი გამოუმუშავდება და გაიზრდება ნორმალური ადამიანი.

თანამედროვე მშობელს ეს არ ესმის, ის ფიქრობს, რომ დაიცვას ბავშვი ვითომ სტრესული გარემოებებისგან, ამიტომ ბავშვმა არ იცის არც დაბრკოლების გადალახვა, არც წარუმატებლობის გადალახვა. წარუმატებლობა დღეს კატასტროფის ტოლფასია. ეს ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია მარცხი და შეცდომის დაშვება აღიაროს. ვინ გეტყვის, რომ შეეშალა და შეცდომა დაუშვა. სანამ ამას არ ვისწავლით, ვიქნებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. წარუმატებლობა შენი წარმატების აუცილებელი კომპონენტია, ეს ვერ გაიგო ვერც მშობელმა, ვერც მასწავლებელმა, ყველა უკიჟინებს ბავშვს, რომ შენ ეს შეგეშალა და შენ ეს ვერ მოახერხე, შესაბამისად,ჩვენ გვეზრდება არარეალიზებული, დანაშაულის განცდის მქონე იმპულსური არსებები, რომლებიც აუცილებლად ვიღაცას მოკლავენ.

როცა ფსიქოლოგს ჩააბარებს მშობელი ბავშვს, გეუბნება, ახლა რაც გინდა ის უქენი, მე არაფერ შუაში არ ვარო. ჰგონიათ, რომ გამოსავალია ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა. ფსიქოლოგი რომ რეკომენდაციას გაძლევს, ის რეკომენდაცია უნდა შეასრულო, იმიტომ, რომ ბავშვი არაფერ შუაში არ არის, როგორც წესი. შუაში და თავში არის მშობელი. ცხადია, თუ ბავშვს განვითარების პრობლემა არ აქვს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მშობელზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული.

არაფერი არ უნდა, არაფერი არ აინტერესებს, სკოლაშიც კი არ უნდა წასვლა, ზუსტად იმიტომ, რომ საბავშვო ბაღიდანვე ძალიან ბევრს ითხოვენ მისგან. ჩემი რეპლიკები ხშირად აღიქმება და ინტერპრეტირდება ისე, რომ ბავშვს არაფერი არ ასწავლონ. ძალით თუ არ ვასწავლეთ, რა შედეგს მივიღებთო. პატარა ბავშვი ინტერესით სწავლობს. სიამოვნებასთან ერთად თუ არ არის ეს ინტერესი, სწავლების პროცესი იქნება ყოველთვის ნეგატიური და უკვე როცა იზრდება ეს ბავშვი, სკოლაშიც აღარ უნდა სიარული. ამოსული აქვს ყელში. არ უხარია შემეცნება, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ შემეცნებას არ ვასწავლით ბავშვს. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული. რამდენ მშობელს უთქვამს, ვეუბნები შვილს, რომ იყოს პირველი. ამდენ ფულს ვიხდი შენს სწავლაში და კეთილი უნდა ინებო და იმეცადინო...

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვები ზარმაცები იყვნენ და თავიანთი პასუხისმგებლობა არ გაიაზრონ, მაგრამ ამ ფორმით ამ პასუხისმგებლობას ვერ მივაღწევთ. თვლიან, რომ ბავშვს თავისუფალი დრო არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ კომპიუტერზე ითამაშებს და შენ ამ დროს არ გინდა, რომ ის თავისუფალი დრო შენთან გაატაროს. ამიტომ გირჩევნია, ჩატენო ინგლისურზე, ფრანგულზე, გერმანულზე, იაროს და ირბინოს. რომ ვეკითხები, რატომ არ უნდა დარჩეს ბავშვს თავისუფალი დრო, მეუბნებიან, რომ კომპიუტერთან იქნება და რომ ვთავაზობ, ისე დაგეგმონ ეს დრო, სათამაშოდ გაუშვან ან სპორტზე გაუშვან, ბევრი პრობლემა ერთად იყრის თავს. მთავარია, ჩვენ როგორ გვესმის ჩვენი შვილის კეთილდღეობა. კეთილდღეობა კი გვესმის ასე - ეს ბავშვი არის კონტეინერი, რომელიც უნდა დაიტენოს ინფორმაციით, იმისთვის, რომ ჩადებული ინვესტიცია გაამართლოს და იყოს წარმატებული. წარმატებულის ქვეშ იგულისხმება, რომ მოიპოვოს ბევრი ფული. არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ წარმატება დაკავშირებული იყოს შემეცნებასთან. არც სკოლა არ ფიქრობს ამაზე. სკოლაც აყოლილია მშობლებს და ისინი ცდილობენ, რა შეიძლება ბევრი ინფორმაცია ჩატენონ ბავშვს.

ერთ რამეს ვიტყვი, რომ ადამიანი არ არის კომპიუტერი და კომპიუტერს ჩვენ ვერასდროს ვერ ვაჯობებთ. ხალხს მტერი ვგონივარ კომპიუტერული ტექნოლოგიების, მაგრამ იქ, სადაც კომპიუტერული ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენო, ადამიანის ტვინი როგორ შეიძლება დაანაგვიანო. ის რომ კომპიუტერში შევა და ამდენ ინფორმაციას ნახავს, რა ვალდებულია ისწავლოს და იმეცადინოს. დღევანდელი სკოლა მე-19 საუკუნის დონეზეა და ეს პრობლემა მარტო ჩვენთან კი არა, დასავლეთშიც დგას. ჩვენ ისე ვასწავლით, რომ გეგონება ცოდნის მთელი ჩემოდანი თან უნდა ათრიოს. წინათ იმიტომ მჭირდებოდა ამდენი ინფორმაცია, რომ მე ამას ასე ადვილად ვერ ვიპოვიდი. ცოდნა მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის. ცოდნის ქვეშ იგულისხმება პრაქტიკული გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, დღეს თეორიულ ცოდნას ვიპოვი კომპიუტერში, მაგრამ მშობელმა და მასწავლებელმა უნდა მასწავლოს, ეს ცოდნა ერთმანეთთან როგორ დავაკავშირო. სინამდვილეში არც მასწავლებელი და არც მშობელი ამას არ მასწავლის. აზროვნების პროცესებს არ მასწავლიან. ანალიზი როგორ გავაკეთო, ტყუილი მართლისგან როგორ განვასხვავო, ამდენი სისულელე როგორ გავცხრილო, ლოგიკურად დავაკავშირო ერთმანეთთან, დასკვნა გავაკეთო - არავიან მასწავლის.
ბავშვებს კარგი მეხსიერება აქვთ და ადვილად იმახსოვრებენ, მაგრამ დაზეპირება არაფერს ნიშნავს, თუ არ აქვთ გააზრებული, რა წაიკითხეს. არავინ არ გვასწავლის, ინფორმაციისგან როგორ ამოვიღოთ მთავარი აზრი. კითხვის დასმა არ შეიძლება არც სკოლაში და არც უმაღლესში. იმიტომ, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება, 10 ქულაზე, 100 ქულაზე ნაკლების მიღება არ შეიძლება.
ჩვენ ვზრდით ნარცისებს და ეს მარტო საქართველოში არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს არის პრობლემა. დღეს უკვე საუბრობენ იერარქიაზე ურთიერთობებში, აი ამ სამომხმარებლო მატერიის ცოტა უკან გაწევაზე. ახალი ოჯახები შტატებში კერძო საკუთრებას არ ყიდულობენ, მაგალითად ჰიპის ტიპის და ბიტნიკების მსგავსი მოძრაობა დაიწყო. შეძლებული ადამიანებიც კი იმაზე მეტ საკუთრებას, რაც სჭირდებათ, არ ყიდულობენ. ეს არ არის დიდი პროცენტი, მაგრამ ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა გაჩნდა, როგორც პროტესტი მატერიალიზაციის წინააღმდეგ. ეს არის ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომელსაც თვითრელიზაციამდე ძალიან ბევრი აკლია. თვითრელიაზცია თუ არ გაქვს, ხარ ცუდად.

-
რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს მასწავლებლები?
- ზოგადად კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ ორივე ანტაგონისტური დამოკიდებულებებით ხასიათდებიან ერთმანეთის მიმართ. მშობელიც ჩასაფრებულია და მასწავლებელიც. მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? მასწავლებლებს უყვართ ზოგადად ბავშვები, რომლებიც ხელს არ უშლიან საგანმანათლებლო პროცესში. საბავშვო ბაღში კი საგანმანათლებლო პროცესი. მასწავლებლებს ცოტა სხვანაირად ესმით. ესმით, რომ ბავშვი უნდა იჯდეს ჩუმად, უსმინოს, იმეცადინოს. აი, ხუთი წლის ბავშვებს ამეცადინებენ, თუნდაც 4 წლის ბავშვებს, განსაკუთრებით კერძო ბაღებში. კერძო ბაღებში მშობლების მოთხოვნაც არის, რომ ჩემს ბავშვს უნდა ასწავლო. არ არის ეს ბაღის დანიშნულება. ბაღის დანიშნულება არის ბავშვის ქცევის, თვითრეგულაციის სწავლება, ემოციის რეგულაციის სწავლება, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარება და აზროვნების განვითარება. წერა-კითხვა და მათემატიკა სკოლის დანიშნულებაა, მაგრამ ბაღმა უნდა ჩამოაყალიბოს ამ აკადემიური ჩვევებისთვის საჭირო უნარები. საბაზო უნარებზე მუშაობს ბაღი. არა მეცადინეობით, არამედ თამაშით, ბავშვისთვის 6 წლამდე წამყვანი ქცევა არის თამაში. ეს არ აწყობს არც მშობელს და არც მასწავლებელს. ამიტომ მასწავლებლისთვის ჩუმი ბავშვი, რომელიც ხმას არ იღებს და მითითებებს უსრულებს, არის იდეალური ბავშვი. თუნდაც პრობლემები რომ ჰქონეს ამ ბავშვს, თავისთვის თუ იჯდება, არ არის პრობლემა. ამიტომ მე მიყვარს ხმაურიანი და ცუდი ქცევის ბავშვები, რომლებიც აიძულებენ მშობლებს და მასწავლებელს იფიქრონ, როგორ შეიძლება მისი ჩართვა აი, ამ სააღმზრდელო პროცესში. ამიტომ ურთიერობის პრობლემა ორივე მხარეს აქვს. ზოგჯერ მასწავლებელია მართალი, ზოგჯერ - მშობელი, მაგრამ კომპრომისს ვერ ნახულობენ და არიან ჩასაფრებული პოზიციით ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდიარე ძალიან რთულია ხოლმე თანამშრომლობა.

არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებსაც ძალიან ბევრი რამე ეშლებათ, ზოგჯერ დაუფიქრებელ რაღაცებს ელაპარაკებიან ბავშვებს. სპეციალური სწავლებაბაღის მასწავლებლებს გავლილი არ აქვთ. მშობელსაც აქვს თავისი მინუსები, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ისეთ რაღაცებს სთხოვს საბავშვო ბაღს, რაც არ ევალება. მე არ ვარ მომხრე, რომ ტირილ-ტირილით მოჰყავთ ბავშვები მშობლებს საბავშვო ბაღში. მასწავლებლებიც ეუბნებიან, რომ მოიყვანეთ, ჩავუკეტავთ კარს და შევაჩვევთ ბაღს. იტირებს და გაჩერდება... მე არ ვარ ამის მომხრე. ეს არის ზუსტადაც, რომ სერიოზულის სტრესი, როცა ბავშვი კანფეტის გამო ტირის, ეგ კი არ არის სტრესი. მაგრამ ბავშვი როდესაც დედასთან დაშორების გამო ტირის, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის საშინელი სტრესი და შფოთვის მიზეზი, რომელსაც არც მშობელი აქცევს ყურადღებას და არც მასწავლებელი, მომხრე ვარ, რომ ბავშვი ნელ-ნელა შეეგუოს ბაღს და თუ საჭიროა, გატარდეს სპეციალური მიდგომა. საფრანგეთში, გერმანიაში მშობელი რაღაც დროის განმავლობაში დაჰყვება ბავშვს ბაღში. ეს ყველას არ სჭირდება, მაგრამ ვისაც სჭირდება, ასეც უნდა მოხდეს.

წყარო : mshoblebi.ge  რუსკა კილასონია

ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი ქობულეთის 3 საჯარო სკოლის სტუმარია.

შედგა შეხვედრა სადაც დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
უკვე 7 წელია სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტი „ინკლუზიური სწავლება“. დღეისათვის სკოლაში 21 მოსწავლეა აქედან, 19 სსსმ და ორი შშმ პირია.

სკოლა მორგებულია ასეთი მოსწავლეების საჭიროებებზე. შექმნილია უსაფრთხო, სასურველი, ჯანსაღი გარემო. გაკეთდა პანდუსები, ადაპტირებულია სველი წერტილები.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია სტიგმები და სტერეოტიპები. ჩვენი მუშაობა სწორედ ამ სტერეოტიპებისა და შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისკენაა მიმართული.

ჩვენ გვჯერა და გვსურს ყველას სჯეროდეს, რომ:

„არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, შესაძლებლობები შეუზღუდავია!“

30/04/2018
2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ლაშა ღლონტის სახელობის მუსიკალურმა სტუდიამ ,,ლალე" ჩაატარა საქველოქმედო კონცერტი ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრის მხარდასაჭრად. ჯადოსნური ხმის პატარებმა საოცრად გაალამაზეს ეს დღე...

საკონტაქტო ინფორმაცია

595001856