აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის საერთაშორისო დღე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  აუტიზმი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად აღიარა,ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტურ მექანიზმად აუტიზმის შესახებ  ცოდნის ამაღლება მიიჩნია. 2007 წლიდან გაეროს რეზოლუციით აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მსოფლიო დღედ 2 აპრილი გამოცხადდა.
წელს საქართველო პირველად  აღნიშნავს და აღიარებს 2 აპრილის იდეალებს.  ჩვენ  ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომელთა საზოგადოებებს ამ საკითხში   ჩვენზე მეტი  ცოდნა  და გამოცდილება აქვთ.  ყველაზე წარმატებული დასავლური გამოცდილება კი  აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და  მათი მშობლებების პროცესში აქტიური ჩართვის  შესანიშნავ მაგალითებს იძლევა. საკმარისია გავიხსენოთ ამჟამად აუტიზმის  ლეგენდად აღიარებული ბერნარდ რიმლანდის, აუტიზმის მქონე ბიჭუნას  მამის ღვაწლი, რომელიც არ შეეგუა ექიმების მხრიდან მისი შვილისთვის გამოტანილ „უპერსპექტივო შემთხვევის“ დიაგნოზ-განაჩენს. რიმლანდმა  მთელი ცხოვრება  აუტიზმის შესწავლას მიუძღვნა და სრულიად ახალგაზრდა ასაკში სამეცნიერო არგუმენტებით  გააცამტვერა  60-ან წლებში მსოფლიოში  გავრცელებული და ავტორიტეტული მეცნიერების მიერ აღიარებული სამეცნიერო მითი, რომლის მიხედვით აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მშობლების მხრიდან სიყვარულის და ურთიერთობის დეფიციტი იყო. ის ბიჭუნა კი დღეს ცნობილი მხატვარი გახლავთ. ამგვარი თავგანწირული მაგალითებით სავსეა აუტიზმის ისტორია. ამჟამად ჩრდილოეთ კოროლინას უნივერსიტეტში შექმნილი,  ყველაზე სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების მქონე ქცევის კორექციის პროგრამაც ე.წ.  ТЕАССН, აუტიზმის მქონე ბავშვების   მშობლების ინიციატივის  და ამ დარგში მომუშავე მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგად  იქნა შექმნილი. ასე, რომ არსებობს მისაბაძი მაგალითები, აპრობირებული მეთოდები და უკვე  გაკვალული ბილიკები. არც ჩვენ ვაპირებთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას. საქართველოს აუტიზმის საზოგადოების მთავარი მიზანიც  ქვეყანაში აუტიზმის შესახებ  ცოდნის ამაღლება, საზოგადოების  კონსოლიდაცია, პროცესში აუტიზმის მქონე ადამიანების და მათი ოჯახის ჩართულობის გაზრდაა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას.

საკონტაქტო ინფორმაცია

595001856